ახალი ამბები

“იოსებ ოსორაულზე ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება”

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსორაულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება. 
„მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა (რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსარცერთი წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო და შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები.კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან.
იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია.
ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციის გამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიმიტრი ჯანელიძის უწყება ამასთანავე მოუწოდებს საქართველოს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან ისინი იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან.
გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კონგოში გატაცებული ახმეტელი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ამჯერად მათ მიმართეს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება კონგოში და ადგილზე შეისწავლის სოსო ოსორაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
სოსო ოსორაულის შვეულმფრენმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ავარია 27 იანვარს დავალების შესრულების დროს განიცადა. ოსორაული ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, უგანდისა და რუანდის საზღვართან, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით ჩამოვარდა. ახმეტელი მფრინავი ამბოხებულთა ჯგუფის ადგილმდებარეობის დასადგენად მიდიოდა. ის ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს.