გოჭების მარათონი – მეოთხე გადაცემა

მეოთხე გადაცემას ვუთმობთ საკვების მწარმოებლებსა და ვეტერინარულ კომპანიებს. ვისაუბრებთ ტრადიციული და კომბინირებული საკვების შესახებ, რომელიც გოჭებისთვის არის განსაზღვრული. ამ გადაცემაში ვეტერინარი ისაუბრებს იმ საკვების შესახებ, რაც გოჭებს ჭირდება, რათა ისინი ჯანმრთელები და მათი ხორცი კი ეკოლოგიურად სუფთა იყოს. სპეციალისტი მეცხოველეობის დარგში ამბობს, რომ ბაზარზე მზა საკვების ფართე არჩევანის მიუხედავად, კომბინირებულ საკვებს ფერმერთა მცირე რაოდენობა იყენებს. იგი ამ ფაქტს გავრცელებულ მითებს უკავშირებს.
,,ტრადიციულ და კომბინირებულ საკვებს შორის განსხვავება დიდია. ფერმერები ვერ რისკავენ, გოჭებს მისცენ მზა საკვები გავრცელებული მითების გამო, რომ თითქოს პრემიქსით გაზრდილი ღორის ხორცს სპეციფიური გემო აქვს. არ იციან, რა შემადგენლობა შედის საკვებში. ეს არის სიმინდი, სოიო, მზესუმზირა, მზესუმზირის შროტი, ქერი, ხორბალი. მცენარეული მრავალკომპონენტიანი საკვებია, დამატებულია კალცი და მარილი. გოჭი იღებს მეტ პროტეინს და ვიტამინს, მეტად ყუათიანია და სარგებლიანი. ფერმერის სარგებლობაა სწრაფად გაიზარდოს და რეალიზება გააკეთოს, მოგება ფინანსური თვალისაზრისით. ტრადიციული საკვები ცუდი არ არის, მაგრამ ტექნოლოგიები ვითარდება. აუცილებელია ჯანმრთელი საკვები, მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული. ზაფხულში არის ბალახი და ხილი, მაგრამ წელიწადის სხვა დროს მხოლოდ ტუკისა და 1 მუჭა ქერის იმედზე საქონელი ვერ იზრდება. ფერმა არ არსებობს ხარჯის გარეშე, ეკონომიით საქმე არ კეთდება“, – აცხადებს გოგიაშვილი.
ფერმერმა ნათელა მამუჩარაშვილმა მზა საკვების შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო. ნათელა ამ დრომდე გოჭებს ტრადიციული მეთოდით კვებავდა. მისი მტკიცებით, გოჭები წონაში მალე იმატებენ.
,,მზა საკვების შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი, რადგან გოჭებს ვზრდიდით ტრადიციული მეთოდით. პროექტის ფარგლებში გავერკვიე, თუ რა არის მზა საკვები, რა დანამატებს შეიცავს და საონლისთვის როგორია მისი სარგებლიანობა. ვკვებავთ ჩენი ვეტერინარის მიერ დაწერილი დოზების მიხედვით. გოჭების ზრდასთან ერთად ვზრდით საკვების დოზასაც. სამომავლოდ შესაძლოა, გადავიდეთ ამ ტიპის კვებაზე. 
გოჭებს შევურჩიე სახელები, ჰქვიათ ჭრელა და წაბლა, თითქოს ესმით კიდევაც რომ ვეძახი სახელებს“, – აღნიშნავს მამუჩარაშვილი. 
ზაზა გოგიაშვილი მიიჩნევს, რომ ფერმერმა საქმიანობას დაწყებამდე დარგის კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციები უნდა გაიაროს. იგი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები თანდათან ვითარდება, მათ შორის, კვების მიმართულებით და ბევრი სიახლეა, რაც გოჭების ჯანმრთელად გაზრდას შეუწყობს ხელს.
,,ფერმერებს ვურჩევ, რომ დასვან კითხვები, ეს არ არის სირცხვილი. ჩვენთან ცენტრში ბევრი ადამიანი მოდის, კონსულტაციას ვაძლევთ უსასყიდლოდ. ჩამოჰყავთ ჯიშიანი საქონელი, უყრიან ქატოს და უშვებენ საბალახოდ, ამ გზით ისინი ვერ მიიღებენ სასურველ შედეგებს, რადგან არასწორად უდგებიან საქმეს. ჯიშიანი საქონელი გაუშვა საძოვარზე, ასე არ შეიძლება, ცარიელი ბალახი ვიტამინს არ იძლევა. რაც შეეხება ბაზარს, არის მზა საკვების ფართე არჩევანი, ფასებიც მისაღებია. გოჭი უნდა იკვებოს ასაკის მიხედვით, მაგალითად, პრესტარტი, სტატრტი, გროუერი და სხვა“, – აცხადებს გოგიაშვილი.
პროექტში ჩართული მეორე ფერმერი ზვიად ჩოლოყაშვილი შინაური ცხოველების გაზრდაში კვების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩოლოყაშვილი მიიჩნევს, რომ სიმინდის ფქვილი და იონჯა გოჭების ჯანსაღად გაზრდას უწყობს ხელს.
,,ვიცი ხალხი, ვინც კვებავს გოჭებს მზა საკვებით. ამბობენ, რომ მალე იზრდებიან, მაგრამ მე ტრადიციული მეთოდით ვზრდი, მეტად ვენდობი და მიმაჩნია, რომ ხორციც უფრო გემრიელი და ხარისხიანია“, – ამბობს ზვიად ჩოლოყაშვილი.
სპეციალისტი მეცხოველეობის დარგში დამწყებ ფერმერებს რჩევებს ხშირად აძლევს. ის მიუთითებს, რომ ფერმერებმა ცხოველები ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საკვებით უნდა გაიზარდონ. 
,,არანაირი ქიმიური შენარევი მზა საკვებში არ არის. ამ საკვებით გამოზრდილი გოჭი დაავადებების წინაშე არის მდგრადი. გემო არ გასდევს პრემიქსით გაზრდილს, თავად ღორის ჯიშებია სხვადასხვა გემოთი. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა საქმიანობას იწყებს. მაგალითად, 10 გოჭის ყიდვას ფერმერს ურჩევნია იყიდოს 7 და 3 გოჭის ფული დახარჯოს საკვებსა და მოვლაში. ამ საკვებს ლაბორანტები დოზირებულად ამზადებენ. საკვები ასაკის მეხდვით არის დალაგებული და მოწმდება ლაბორატორიულად“, – მიუთითებს ზაზა გოგიაშვილი.
,,გოჭების მარათონის“ მეხუთე გადაცემაში ვისაუბრებთ ღორის ჯიშებზე, ტრადიცულ მეღორეობასა და არსებულ ბაზარზე.

პროექტ MOLI-ის მხარდაჭერითა და მედია კომპანია „კახეთის ხმის“ ავტორობით დაიწყო ახალი პროექტი ,,გოჭების მარათონი“, რომელიც 6 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დააკვირდებიან გოჭებს, რომლებიც იზრდებიან ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პროექტის სპონსორია კომპანია „ინვეტი“, ხოლო მხარდამჭერი MOLI კახეთში.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)


გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.

The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.