პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია – ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე, ოპოზიცია პრეზიდენტს თვითმმართველობის კოდექსზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონი, მნიშვნელოვნად დაასუსტებს თვითმმართველ ქალაქებს.
გიორგი მარგველაშვილს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებდა სამოქალაქო სექტორიც. კოდექსის შემუშავებისას გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის იურისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს ვეტოსთვის არა ერთი არგუმენტი აქვს.
„ის პროცესები, რომელიც თვითმმართველობის დონეზე წარიმართა და ტერიტორიების ოპტიმიზაციასთან იყო დაკავშირებული, მოხდა მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ კონსულტაციებში არ ყოფილა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მნიშვნელოვანია, რომ დასაბუთებულად წარადგინოს პრეზიდენტმა ვეტო და მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით იმსჯელოს პარლამენტმა,“ – აცხადებს „საია“-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.