სტატიები

თუშეთში წარმოებული ჩაი „უშარო“ გერმანიასა და ჩინეთში გაიყიდება

გიორგი საკუთარ სახლში ამზადებს სამი სახეობის ჩაის, რომელიც ბექთქონდარას , კრაზანასა და თავშავას შეიცავს. 19 წლის ბიზნესმენი ირწმუნება, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. 
„ჩაის საკუთარ სახლში ვაწარმოებ. ბექთქონდარას, კრაზანასა და თავშავას ივლისის ბოლოდან ვკრეფ. ეს მცენარეები არ არის გაჯერებული გამონაბოლქვით, კვამლით და შესაბამისად ჩაი ეკოლოგიურად სუფთაა. ბექთქონდარი, საჭმლის მონელების დარღვევის დროს არაჩვეულებრივი საშუალებაა. ის უნიკალურია მკერდის არეში ტკივილის დროს, უებარი საშუალებაა უძილობისა და ფაღარათის დროს. უძილობის დროს ასევე ძალიან კარგია თავშავა. მისი მიღება ნერვოზის დროსაც ძალიან კარგია. ის, ასევე, ხელს უწყობს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას. კრაზანა განკუთვნილია ნაღველისთვის, ჰეპატიტების, ქოლესტერინის დროს. იგი, ასევე, გამოიყენება კბილებისა და ღრძილების სამკურნალოდ. ის ძალიან კარგი საშუალებაა ქალურ დაავადებების მკურნალობის დროს“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სეხნიაიძემ. 
19 წლის გიორგის ბებიას მცენარეების მოსაკრეფად მინდორში ხშირად დაყვებოდა. ჩაის დამზადებაც ბებიამ ასწავლა. თუშური ჩაი „უშარო“ ძირითადად თბილისში იყიდება. 25 გრამიანი შეფუთვის ღირებულება 7 ლარია. გიორგი ამბობს, რომ სამომავლოდ „უშერო“ გერმანიასა და ჩინეთში გაიყიდება. 
„მცენარეები ბავშვობიდან მიყვარს. ბებია მიყვებოდა ხოლმე მცენარეების უნიკალური და სამკურნალო თვისებების შესახებ. ბებია ქსოვით იყო დაკავებული. როდესაც მატყლის ძაფს რთავდა, ამ მცენარეებისგან ამზადებდა საღებავს. მცენარეებისგან ბებია ჩაისაც ამზადებდა ხოლმე. როდესაც გავიზარდე, გადავწყვიტე ბებიას დაწყებული საქმე გამეგრძელებინა. „უშერო“თბილისში,ლესელიძის გამზირზე ერთ-ერთ მაღაზიაში და კაფეტერიაში იყიდება. მსურველები, ასევე, მიკავშირდებიან სოციალური ქსელითა და ტელეფონით. სამომავლოდ ვფიქრობ, რომ პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავიტანო. ეკოლოგიურად სუფთა ჩაიზე დიდი მოთხოვნაა გერმანიასა და ჩინეთში. მოლაპარაკებები მაქვს რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც ჩაის უცხო ქვეყნების ბაზარზე გაიტანენ“, – ამბობს ბიზნესმენი. 
გიორგი სეხნიაიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არიქტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ზაფხულს შენაქოში ატარებს, ხოლო ზამთრის პერიოდში თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცხოვრობს. ახალგაზრდა მეწარმე აღნიშნავს, რომ შენაქოს უწოდებენ „უშაროანთ გორას“, რის გამოც ჩაის სახელწოდება „უშარო“ შეარჩია. 
„თუშეთში, სოფელ შენაქოში „უშაროანთ გორელი“ ვარ. შარის მაგიერ ამ ჩაის სიმშვიდე მოაქვს, ამიტომ შევაჩერე არჩევანი სახელწოდებაზე „უშარო“, – აცხადებს მეწარმე.

გიორგი სამომავლოდ უფრო მეტი სახეობის მცენატრისგანაც გეგმავს ჩაის წარმოებას. თუშეთში საწარმო „უშაროს“ დარეგისტრირებასაც, წარმოების გაზრდასა და საქმიანობაში სხვა ახალგაზრდების ჩართვასაც გეგმავს.

„გასულ წელს პროექტში „აწარმოე საქართველოში” მოვიპოვე გრანტი, რის შედეგადაც გავაფართოებ სასტუმროს და კაფეტერიას. ველოდები სხვა პროექტის გამოცხადებას, იმედია დაფინანსებას მოვიპოვებ და შევძლებ ჩაის საწარმოებლად სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც მნიშვნელოვნად შემიმსუბუქებს რთულ საქმეს. ეს არ იქნება მხოლოდ ჩაის საწარმოებლად. საწარმოში გაიყიდება სხვადასხვა საღებავი, და მცენარე“, – აღნიშნავს გიორგი სეხნიაიძე.