სტატიები

გურჯაანში მცხოვრებმა მალხაზ ცისკარიშვილმა კაკლის სამტვრევი გამოიგონა

მან დანადგარზე მუშაობას ორი თვე მოანდომა. მალხაზ ცისკარიშვილი ამბობს, რომ მსგავსი დანადგარი საქართველოში არარსებობს და ის უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. 
„კაკლის სამტვრევი დანადგარი საქართველოში არ არის და თუ ვინმეს სჭირდება, ის ყიდულობს თურქეთში, უკრაინაში. ის მოწყობილობები კაკალს ცუდად ამტვრევენ არჩევენ. რაც მე გამოვიგონე, ასეთი დანადგარი ფაქტობრივად მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. დაახლოებით 60% ნიგოზი იმტვრევა და ქუცმაცდება. ჩვენი დანადგარი მეშვეობით კი დაახლოებით გადასამუშავებელი კაკლის 70% არ ზიანდება. ჩემი საქმიანობის მიზანია მანქანათმშენებლობის მრეწველობის განვითარება, ხელი შეეწყოს საგამომგონებლო საქმეს და წახალისდნენ ინჟინრები, რათა მათ მიეცეთ ქართული პროდუქციის შექმნის მოტივაცია“, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ცისკარიშვილმა. 
გამომგონებელი ირწმუნება, რომ მცირე ზომის გეომეტრიოული დანადგარს დღე-ღამეში 5 ტონა კაკლის დამტვრევა და გარჩევა შეუძლია. ცისკარიშვილი დანადგარის დასაპატენტებლად საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს უკვე მიმართა. 
„კახეთში კაკალი ათასობით ჰექტარზეა გაშენებული. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 10 000 ტონა კაკალი იწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობის კაკალი დაიმტვრეს დროის მოკლე მონაკვეთში დახარისხიანად. კაკლის სამტვრევი დანადგარი, რომელიც მე გამოვიგონე, დღე-ღამეში დაახლოებიტ 5 ტონა კაკალს ამტვრევს და არჩევს. ჩვენ გამოვიგონეთ ორი სახის დანადგარი: ვალცური და როტაციული. ვალცურ დანადგარში ჩაგდებისას კაკალი მაშინვე იმტვრევა, ლითონის ვალცებიდან გატეხილი კაკალი გადადის მოქნილი აგებულების ვალცში და ის საბოლოოდ იმსხვრევა. 
როტაციული დანადგარი კი შედგება ორი დისკისგან, რომელსაც აქვს კონუსური ძაბრები. რა რაოდენობის კაკალიც ჩავარდება რომელიმე ძაბრში, ძაბრის მეორე დისკი ამტვრევს კაკალს, რომელიც გადმოვარდება. ამ დანადგარის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ კაკალს ავტომატურად არჩევს. საჭირო არ არის სპეციალურ კალიბრში გატარება. თანამედროვე სამტვრევებში დიდი ზომის კაკალს სხვა კალიბრში აყალიბრებენ, პატარა ზომის კაკალს სხვაგან. ამ დანადგარებს კაკლის სპეციალური დამხარისხებელი არ სჭირდება. ორივე დანადგარიდან კაკლის დაახლოებით 50% გარჩეული გამოდის“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა. 
როგორც knews.ge-ს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში განუცხადეს, საქპატენტსკაკლის სამტვრევი დანადგარზე პატენტი ჯერ არ გაუცია. 
 „კაკლის სამტვრევი დანადგარის დასაპატენტებლად განაცხადი შემოსულია. ამ ეტაპზე განაცხადმა ფორმალური ექსპერტიზა გაიარა და დადგინდა, რომ ყველა საბუთი წესრიგშია. შემდეგ არის არსობრივი ექსპერტიზა – იმის დასადგენად, არსებობს თუ არა მსგავსი პროდუქტი. საქმე ამ ეტაპამდე ჯერ არ მისულა, რადგან თითოეულ ეტაპზე გარკვეული საფასურია გადასახდელი, რაც განმაცხადებელს ჯერ არ გადაუხდია,“-განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში.