ახალი ამბები

25 მარტს თელავში გარემოსდაცვითი აქცია ,,დედამიწის საათი” გაიმართება

როგორც თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა გიორგი ორკოდაშვილმა knews.ge–ს განუცხადა, აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ, ერთი საათით, 20:30-დან 21:30-მდე გამორთონ, დაზოგონ ელექტროენერგია და ამით წვლილი შეიტანონ დედამიწის გადარჩენაში, გლობალური დათბობისა და სხვა არასასურველი ეკოლოგიური პროცესების თავიდან ასაცილებლად. მისივე ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთვება. 
,,კლიმატის ცვლილების საფრთხე მოახლოვებულია და თუ ამის წინააღმდეგ არ განვახორციელებთ ღონისძიებებს, შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ. აქციის მიზანია კლიმატის ცვლილების საფრთხის თავიდან აცილება, ბუნებრივი რესურსებისა და ელექტროენერგიის დაზოგვა”, –განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ორკოდაშვილმა. 
აქცია ჩატარდება ეკო-აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის, ქალაქ თელავის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით.
საინფორმაციო კამპანია „დედამიწის საათი“ 2007 წელს სიდნეიში, ავსტრალიაში დაიწყო, როდესაც 2 მლნ-ზე მეტ დაწესებულებაში ელექტროენერგია ერთი საათით გამორთეს.