ახალი ამბები

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას 100 დღის ანგარიში ჩააბარა

დეპუტატის შეფასებით, ეს პერიოდი მისთვის 2 ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი იმ საკითხებს ეხება, რომლის განხორციელებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ხოლო მეორე ნაწილი დასრულებულ და უკვე დაწყებულ პროექტებს ეძღვნება.
,,გურჯაანელების მხარდაჭერას არჩევნების შემდგომ უფრო ვგრძნობ. 100 დღე არც იყო ამისთვის საჭირო. პარლამენტარობის უფლებამოსილებით აღჭურვის დღიდან დღეის ჩათვლით, ვგრძნობ უზარმაზარ კეთილგანწყობას და ნდობის უსაზღვრო მანდატს, რითაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმავლინეს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეტი შეგვიძლია. მეტის გაკეთების უნარიც გვაქვს და მეტის შექმნის პოტენციალიც. ინერცია, რომელიც ჩვენ ინერტულობას განაპირობებს, ვერაფრით ჩამოვიცილეთ”, – აცხადებს სონღულაშვილი.
დეპუტატი უკმაყოფილებას გამოთქვამს მოქალაქეების ნაკლებ ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში.
,,მიუხედავად სხვა საკითხებისა, ყველაზე მეტად უკმაყოფილო მაინც გურჯაანის განვითარების გეგმაზე მუშაობის დაწყების დაგვიანებით ვარ. ვერ შევთანხმდით მოდელზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს გურჯაანის განვითარების გეგმას”, – განცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, 100 დღეში გურჯაანის 5 სოფელში დაიწყო საირიგაციო მომსახურების აღდგენა, ბაკურციხეში გაიხსნა კულტურის ახალი სახლი, ტექნოპარკთან მიღწეულია საბოლოო შეთანხმება გურჯაანში ფილიალის გახსნაზე და სხვა მნიშენლოვანი საკითხები.
,,ამოქმედდა საპარლამენტო ბიურო და უკვე ასობით მოქალაქეს ვუმანსპინძლეთ. მევენახეებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემასთან, პესტიციდებისა და სასუქის ხარისხთან დაკავშირებით, შემოწმებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მევენახეების საფუძვლიან გულისწყრომასა და უკმაყოფილებას იწვევდა. ასევე, მოგვარდა სხვა მნიშვენლოვანი პრობელემებიც. კრიტიკასაც ველი და ინიციატივებსაც. თქვენი გამოხმაურება ძალზედ დამეხმარება, რათა ოპტიმალურად და უკეთესად დავგეგმო ჩემი შემდგომი საქმიანობა და უფრო მეტად სასარგებლო გავხადო რაიონისთვის.”, – განმარტავს დეპუტატი.