ახალი ამბები

არა კომუნისტურ სიმბოლიკას – თელავში მაშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება

შეხვედრის პარალელურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მასშტაბური მანიფესტაციით თელავში ,,სოციალისტური საქართველოს” კახეთის ორგანიზაციას დაფუძნებას გააპროტესტებენ.

,,11:00 საათზე ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაპროტესტებთ იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც სახალხო მოძრაობა ,,სოციალისტურ საქართველოს” უკავია. ჩვენი ლოზუნგია – არა პროოკუპანტურ მოძრაობას”, – განაცხადეს პოლიტიკურ პარტიაში.

knews.ge-ს ინფორმაციით, აქციას შეუერთდება პარტია ,,ახალი საქართველოს” წარმომადგენლები.

,,მოეწყობა სირცხვილის კორიდორი, გვექნება ტრანსფარანტები, რომელზეც ასახული იქნება რუსეთის დანაშაული საქართველოს წინაშე. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმ ფონზე როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ხორციელდება მცოვავი ოკუპაცია, მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბება არის პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ღალატი”,–აცხადებენ ,,ახალი საქართველოს” წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას მიერ თელავში დაგეგმილი ღონისძიების გამო, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, საქართველოს კანონით (“თავისუფლების ქარტი“) განსაზღვრულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა, გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.