ბლოგები

ავსტრიიდან დაბრუნებული თელაველი ბიჭის მარწყვის ბაღის ისტორია

ალბათ გახსოვთ ცნობილი ზღაპარი დედინაცვალმა გერს შუა ზამთარში მარწყვის მიტანა რომ მოსთხოვა. პატარა მარუსიამ  იანვრის სუსხიან დღეს ტირილით გამოიხურა სახლის კარი და დედინაცვლის ბრძანების შესასრულებლად წავიდა. იანვარმა ივნისის დახმარებით მოახდინა სასწაული, გაადნო ყინული და მარწყვი დაამწიფა. მარუსიამ მარწყვით გაივსო კაბის კალთა და სახლში დაბრუნდა.

ახლა კი, იცით რა უნდა გითხრათ? ეს უკვე ზღაპარი აღარ არის და იანვარსაც არ სჭირდება ივნისის დახმარება მარწყვის დასამწიფებლად. მარუსიას შეუძლია გიორგის მარწყვის ბაღებში წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მოკრიფოს მარწყვი. სად და როგორ? ახლევე მოგიყვებით.

ალაზნის ველზე, გიორგი მუმლაურის  ბაღებში, სოფელ კურდღელაურის ბოლოში დილიდან ფუსფუსია. ერთ ჰექტარ მიწაზე წითლად მწიფს უგემრიელესი მარწყვი და ყოველ დღე იკრიფება და არ ილევა. ყვავის და მწიფს, ყვავის და მწიფს… ყოველ დღე რთველი აქვთ.

გიორგი მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 10-15 თანასოფლელს ასაქმებს. დილის 5 საათიდან იწყებენ კრეფას რომ ახალდაკრეფილი მარწყვი გასაყიდად გაიტანონ. ყოველდღე 100 კილოგრამს კრეფენ. მოთხოვნა დიდია. ყველას უკვირს ამ დროს მარწყვი და შემოტანილი ჰგონიათ. არადა აქვე, ჩვენს გვერდით, სუფთა ეკოლოგიურ გარემოშია მოყვანილ-მოფერებული.

ამ რემონტატული ჯიშის სახელია სან-ანდრიასი, რომელიც ესპანური წარმოშობისაა და რამოდენიმე წლის წინ დასახლდა საქართველოში. აღწერილობაში ვკითხულობთ: მოსავალს იძლევა უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში. ჯიში გამოირჩევა ამინის ცვალებადობის მიმართ გამძლეობით.

 მშვენიერია!

გიორგი ამბობს, რომ მარწყვის ბაღის გაშენების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნახა როგორ ვერ უვლიდა ერთი კაცი თავის მარწყვის ბაღებს. მან შესთავაზა ნერგების გაყიდვა და შეიძინა 10 000 ნერგი. ადგილი რომ არ გაეცდინა ნერგები ახალდარგულ თხილის ბაღში დაასახლა.

„ევროპელი გლეხი თავისი შრომით მდიდრდება და უფასდება შრომა და ჩვენ როგორ ვერ უნდა მოვიყვანოთ საკმარისი რომ ჩვენი ოჯახები ვარჩინოთ?-კითხულობს გიორგი და მარწყვის კვალებში ინსპექტირებას აგრძელებს.

მისი შვილი, პატარა ვაჟიკო მუმლაური და მისი მეგობრები ეხმარებიან გიორგის და მხიარულად კრეფენ მარწყვს, რომ მერე გემრიელად ჩაიტკბარუნონ პირი. შრომას ეჩვევიან და სუფთა პროდუქტსაც მიირთმევენ. გიორგი ღიმილით გასცქერის ბაღებს და ბავშვებს შრომის სიყვარულს ასწავლის. 

ახლა კი გიორგის ისტორიას მოგიყვებით. სკოლის დამთავრებისთანავე გიორგი ავსტრიაში მეღვინეობის სკოლაში წავიდა სასწავლებლად. შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო. მუშაობდა თარჯიმნად პოლიციასა და სასამართლოში. ჰქონდა სტაბილური და მაღალალანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სურვილი საქართველოში საქმის დაწყება იყო.

„აქ ყველაფერი კარგია, მაგრამ მე საქართველოში უნდა დავბრუნდე“- ასე იწყებოდა გიორგის წერილი რომელსაც  ის წერდა მეგობარს ავსტრიიდან საქართველოში.

 და 10 წლის შემდეგ ის მართლაც დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, უფრო განათლებული, გამოცდილი და მონდომებული, რომ ეკეთებინა სოფლის საქმე ისე სამაგალითოდ როგორც სხვა ქვეყანაში ნახა და ისწავლა. შემდეგ დანაზოგი თანხით მიწა შეიძინა და სოფლის შენებას შეუდგა.

„ვხედავდი, რომ ჩვენი მიწა, ჰაერი, კლიმატი ათასჯერ ჯობდა იქაურს და ჩემი მიზანი იყო, რომ მე მეკეთებინა სოფლის საქმე ისეთივე ეფექტიანად, როგორც ამას ევროპელი გლეხები აკეთებენ. ყველას უკვირს ამ ჯიშს რომ მივაგენი, მარწყვის რეპროდუქტოლოგს მეძახიან, ამხელა მოსავალს როგორ იღებო მეკითხებიან, ყველას ჰგონია რომ თურქეთიდან არის შემოტანილი. ამ დროს აქვე იკრიფება და კონკურენციას უწევს თურქულს და უკეთესიც არის ხარისხითაც და გემოთიც.“- ამბობს გიორგი.

მარწყვის ბაღებს გავცქერი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ძირს გაფენილი ჩალა, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მოწყობილობა, თხელ კალათებში დაკრეფილი მარწყვი, მხიარული და კარგად ორგანიზებული მუშახელი-ერთი თვალის შევლებით ეტყობა უცხოური გამოცდილება ამ საქმეს.

 გიორგის მიზანია მოსავალი გაორმაგდეს არა ფართობის გაზრდის, არამედ სწორი მოვლის ხარჯზე. მას ასევე გამოყავს ნერგები და ყიდის. მუშახელი მასთან ერთად სწავლობს ახალ ტექნოლოგიებს და მოვლის მიდგომებს. მოვლისათვის იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის პრეპარატებს, რომლებიც არ ვნებს ჯანმრთელობას.

„საქართველოში მოყვანილმა აჯობა უცხოურს, ჩვენ ეს შევძელით“- ამბობს სიამაყით გიორგი და მარწყვით სავსე კალათს მიწვდის. იგი მზად არის თუ ვინმე დაინტერესდება გაუზიაროს ის გამოცდილება და ცოდნა რაც გააჩნია.

ამასობაში ბავშვებს კალათები გაუვსიათ და დიდი მუხის ჩრდილში მხიარულად იტკბარუნებენ პირს.

მარწყვის მოსავალს ხვალაც აიღებენ… ხვალაც და ზეგაც…

მოსაღამოვდა, მზე ჩადის მშვიდად, სოფელი შენდება..