ახალი ამბები

დედოფლისწყაროს გამგეობამ 6 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსანტებმა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) უნდა გაიარონ.
გამგეობის ინფორმაციით, ვაკანსიებიდან 1 სოფელში გამგებლის წარმომადგენელის, ხოლო 5 სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტების პოზიციაზე გამოცხადდა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 300-დან 980 ლარამდეა. 
,,ვაკანსიები გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე: მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურებთან კოორდინაციის საკითხებში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ეკონომიკურ საკითხებში, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სამთაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში. რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა ოთხი დღე და ნებისმიერ მსურველს ამ დროში შეუძლია დარეგისტრირდეს სასურველი პოზიციის დასაკავებლად,”– განაცხადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილების „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. უწყების ცნობით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ.