სტატიები

,,საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტას დავიცავთ”

იმ შემთხვევაში თუ მათ წლევანდელ არჩევნებზე მოსახლეობა ნდობას გამოუცხადებს და გახდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორ აპირებენ ისინი სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ,,კახეთის ხმამ”“ რამდენიმე საკითხზე ამჯერად ინტერვიუ ჩაწერა პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარესთან ირაკლი ალასანიასთან.
-როგორც პოლიტიკოსი, როგორ შეაფასებთ თვითმმართველობის სისტემას რეგიონებში?
-თვითმმართველობის რეფორმა, ფაქტობრივად არ განხორციელდა. ის კანონდებლობა, რაც იქნა მიღებული არ აძლევს შესაძლებლობას სრული დეცენტრალიზაცია მოხდეს და რეალურად პასუხიმგებლობა და ფინანსური მართვა გადავიდეს რეგიონებზე. რეალურად, გამგებელი და მერი ვერაფერს წყვეტს და მივდივართ პოლიტიკურ ნებამდე. ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მთავარია სრული დეცენტრალიზაცია მოხდეს რეგიონებში. ეტაპობრივად მოვამზადებთ პროფესიონალ კადრებს რათა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში მათ სრულად აიღონ ხელში ხელისუფლება. რაც უფრო ძლიერი იქნება თვითმმართველობა, მით უფრო გაძლიერდება რეგიონი და ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი გახდება.
-რას ფიქრობთ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს იმ სახით როგორც გვაქვს თუ უნდა განხორციელდეს ცვლილება?
-სისტემა რაც დღეს გვაქვს, მოძველებულია და ამას კვლევებიც ადასტურებს. ადამიანების 90%-ს არჩევნების შემდეგ თვალითაც კი არ უნახავს საკუთრი მაჟორიტარი დეპუტატი. ეს კი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ფეოდალური სისტემა უნდა აღმოიფხვრას. ჩვენი პარტია როდესაც იყო კოალიციაში მაშინ შევთანხმდით, რომ განვახორციელებდით რეფორმას და ძველი მაჟორიტარული სისტემა რეგიონულ-პროპორციულით ჩანაცვლდებოდა, მაგრამ პარტია ,,ქართულმა ოცნებამაც“ და და კოალიციამაც ამაზე უარი თქვა.
-როგორ შეაფასებთ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და რას ფიქრობთ საჭიროა თუ არა დროებითი გენდერული კვოტის შემოღება როგორც დროებითი სპეციალური ზომა?
-სოციალურად ძალიან აქტიური საზოგადოების ნაწილის, ქალთა ჩვენი ქალთა ხმა დღეს პოლიტიკაში არ ისმის. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მეტი ქალი რომ ყოფილიყო ჩართული სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამდენ შეცდომას ხელისუფლება არ დაუშვებდა. ვფიქრობ, რომ გენდერული კვოტის შესახებ კანონს როგორც ჩანს ამ პარლამენტში გატანისა და დამტკიცების პერსპექტივა არ აქვს. როგორც პარტიამ ავიღეთ ვალდებულება და ჩვენს საარჩევნო სიაშიც სწორედ კვოტას დავიცავთ, თუ მეტი არა 30%-ზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება ქალბატონების რიცხვი წარმოდგენილი. გვყვავს ძლიერი ქალბატონები პარტიაში და გვინდა, რომ სხვა პარტიებსაც მივცეთ მაგალითი და ანალოგიური ნაბიჯი გადადგან.
-როგორია თქვენი შეფასება ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს დარგის სუბსიდირება ამ სახით თუ უნდა შეიცვალოს მიდგომა საკითხთან მიმართებაში?
-როდესაც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია ეკონომიკა და არათანარ პირობებშია ჩაყენებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორი იყო რომ შემოვიღეთ სუბსიდირება. მაგრამ ამისი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ნელ-ნელა გლეხი ფეხზე დადგეს და დარგის სუბსიდირებამ იკლოს და შემდეგ საერთოდ აღარ იყოს თუ რაიმე განსაკუთრებული მაგალითად სტიქიური უბედურება არ არის. თავიდან გადაიდგა სწორი ნაბიჯი, მაგრამ ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქონდეს მევენახეს, მას უნდა ჰქონდეს მოყვანილი პროდუქციის რეალიზების საშუალება, უნდა იყოს გასაღების ბაზრები მოძიებული, მეტი ფინანსური წვდომა უნდა ჰქონდეთ შეღავათიან ფულთან. დღეს რომ ფერმერმა კრედიტი აიღოს, მას იმხელა პროცენტი აქვს გადასახადი, რომ მიწის დამუშავება არარენტაბელური ხდება. მეორე პრობლემაა მიწის რეფორმა, საკუთრების სისტემაა ჩამოუყალიბებელი. ჩვენ დავასრულებთ მიწის რეფორმას, კადასტრს, რაც ხელს შეუწყობს მიწის კონსოლიდაციას და კოოპერაციების ჩამოყალიბებას.
-როგორ აფასებთ ტარიფების გაძვირებას რეგიონში. იცით, რომ კახეთში იზრდება ელექტროენერგიის, ხოლო ქალაქ თელავში კი, ბუნებრივი აირის გადასახადები. როდესაც თქვენ იყავით კოლალიციაში სწორედ მაშინ დაპირდით მოსახლეობას, რომ კომუნალური გადასახადები არ გაიზრდებოდა.
-იზრდება დენისა და გაზის გადასახადი. მოსახლეობა მიტოვებულად გრძნობს თავს, მათი ბედი არ აინტერესებს არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე, რაც ართულებს პრობლემების არსს. პოლიტიკური ნების შეცვლა შესაძლებელია სამართლიანი არჩევნმების ჩატარებით 2016 წელს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამას.
-როგორია თქვენი პარტიის საარჩევნო მოლოდინები წლევანდელ არჩევნებზე?
-ჩვენ დავდივართ სოფელ-სოფელ და ვისმენთ ხალხი რატომ არის გულგატეხილი და გაბრაზებული. პრაქტიკულად, არცერთი პროექტი ეკონომკური თუ სოციალური ხასიათისა არ განხორციელებულა ბოლო 3 წლის მანძილზე. დაპირებები რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა ხალხს, შეუსრულებელია. ჩვენი მხრიდან არ გაიცემა არცერთი ყალბი დაპირება. მთელი ჩენი საარჩევნო პლატფორმაა რომ ხალხს გავუჩინოთ შესაძლებლობები საკუთარი თავის რეალიზაციის იმ სწორი ეკონომიკური პროექტით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ, მყარად ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით შევალთ პარლამენტში.
-რა იქნება თქვენი მთავარი კოზირი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე?
-პროფესიონალიზმი. არჩევნების შემდეგ არ გაწყდება კონტაქტი ხალხთან და ასევე, ბოლომდე დავრჩებით ხალხთან ანგარიშვალდებულები ვიდრე ვიქნებით ხელისუფლებაში.