სტატიები

დედოფლისწყაროში ქორეოგრაფის ცემის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა

ზუბიაშვილი კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მას რამდენჯერმე კატეგორიულად მოსთხოვეს დედოფლისწყარო დაეტოვებინა და ქორეოგრაფიული საქმიანობა სხვაგან გაეგრძელებინა. ანსამბლ იმედის ხელმძღვანელი მისი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოებაზეც საუბრობს.
“ერთ დღეს სტუდიიდან გამოვდიოდი და მამაკაცები დამხვდნენ და მცემეს. მანამდე სახლში დამადგნენ და მითხრეს, ხვიჩა დატოვე რაიონი და წადიო. ასე რამდენჯერმე გამაფრთხილეს. როდესაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მითხრეს, ვერ გაიგე, რომ აქ არ უნდა იყოო. შენი ადგილი აქ არ არისო. კონკრეტულად ვერავის ვერ დავადებ თითს. არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც მცემეს. იყო შემთხვევები, როდესაც ნარკომანობა დამაბრალეს, მერე ხან რა მიწოდეს და ხან რა“, – განუცხადა knews.ge-ს ხვიჩა ზუბიაშვილმა. 
ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელის თანაშემწეები და მოსწავლეების მშობლები ზუბიაშვილის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ისინი მომხდარს ქორეოგრაფის საქმიანობას უკავშირებენ და მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს დევნად აფასებენ.
„იმ დღეს ჩაფაიძის სკოლაში ჰქონდა მეცადინეობა და სახლში რომ ბრუნდებოდა, ორმა უცნობმა პიროვნებამ ოთახიდან გამოსულ ხვიჩა ზუბიაშვილს თავში რაღაც ჩაარტყა. დაზიანება ნამდვილადა აქვს. კვალი აშკარად ეტყობოდა. მე ეს პირადად ვნახე“, – განაცხადა ხვიჩა ზუბიაშვილის თანაშემწემ. 
„გავიგეთ, რომ თავში ჩაარტყეს და უთხრეს, რომ რაიონში აღარ გამოჩნდეო. ჩვენი რაიონისათვის მომხდარი ფაქტი არის მიუღებული და დაუშვებელი. ძალიან გაკვირვებულები ვართ. მშობლებს გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები სტუდიაში მშვიდად სწავლობდნენ“, – აღნიშნეს ანსამბლის მოსწავლეების მშობლებმა. 
ანსამბლი „იმედი“ დედოფლისწყაროში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. გარცელებული ინფორმაციით, დიდი ხანია, რაც „იმედის“ კონკურენტ ანსამბლ „შირაქს“ აქვს სურვილი, ისარგებლოს იმ დარბაზით, სადაც ქორეოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებს ხვიჩა ზუბიაშვილი, რომლის ცემის ფაქტსაც მოცეკვავეების მშობლების ნაწილი სწორედ ამ ფაქტორს უკავშირებს. ანსამბლ შირქაში კი მათი მხრიდან ზუბიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამორიცხავენ და უსაფუძვლო ბრალდებად აფასებენ. 
„არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ მაგას ვებრძოლოთ. კონკურენტადაც კი არ ვთვლი. მას თავისი ანსამბლი აქვს და ჩვენ კი – ჩვენი. ვერ ვიტყვი, რომ სხვა რაიონებში არ ხდება ქორეოგრაფთა შორის დაპირისპირება“, – განაცხადა ანსამბლ „შირაქის“ ქორეოგრაფმა ალექსი გაბრიელაშვილმა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი knews.ge-ს განუცხადეს, რომ შეტყობინება ძალოვან უწყებაში არ შესულა და მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიციამ თავად გადაამოწმა. შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხვიჩა ზუბიაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს არ ადასტურებს, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა. 
„პოლიციაში ამ ფაქტის შესახებ არ იყო შესული ინფორმაცია და სამართალდამცველები ხვიჩა ზუბიაშვილს თავად დაუკავშირდნენ. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და არ დაადასტურა, რომ მასზე რაიმე სახის ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა“, – განუცხადა knews.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ.