პანკისის ხეობაში ვაინახების გადასახლების დღე აღნიშნეს
ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რამზან გორგიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ პანკისში ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღის პანკისში აღნიშვნა უპრეცედენტო შემთხვევაა. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა, ჩეჩენ-ინგუშეთიდან ადგილობრივების დეპორტაციის შესახებ რუსეთში აკრძალული ფილმი სოფელ დუისის კულტურის სახლში აჩვენა.
„თითოეული ვაინახისთვის ეს დღე დიდ ტრაგედიასთან ასოცირდება, რადგან დეპორტაცია ყველა მათგანის ოჯახს შეეხო. 2004 წელს ევროპარლამენტმა ვაინახის ხალხის გადასახლება გენოციდად სცნო. აქამდე ამ დღის მოსახსენებელი საღამო მხოლოდ თბილისში იმართებოდა, ხოლო პანკისში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. ეს საღამო ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო. ახალგაზრდები სიტყვით გამოდიოდნენ და მოიხსენიებდნენ ამ დღეს. ღონისძიების ჩატარების იდეა სპონტანურად გაჩნდა, ამიტომ ბევრი აქტივობის მოწყობა ვერ მოხერხდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ამით ქისტებმა აჩვენეს, რომ ეს დღე დავიწყებას არ მიეცემა და ის მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – განუცხადა knews.ge-ს რამზან გორგიშვილმა.
1944 წლის 23 თებერვალს სტალინის ბრძანებით, 650 ათასი ჩეჩენი და ინგუში ყაზახეთსა და შუა აზიაში გადაასახლეს. უკვე მესამე წელია, რაც ჩეჩნეთში სტალინური დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები აღარ ტარდება.