ახალი ამბები

დედოფლისწყაროს გამგეობა სატყეო-სამეურნეო მართვის გეგმაზე მუშაობს

,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს და არაგაზიფიცირებულ სოფლები გათბობის მიზნით შეშას მოიხმარს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ტყეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ხე-ტყის მოხმარება მინიმუმამდე დავიყვანოთ, რათა მოხდეს დარჩენილი ტყის შენარჩუნება, განახლება და შემდგომში მისი გამოყენება მრავალფუნქციური მიზნების განსახორციელებლად,“ – განუცხადა Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა, სადაც სამომავლო მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. 
GIZ -ის წარმომადგენლების თქმით, მათი ინიციატივით მოხდება სატყეო-სამეურნეო მართვის გეგმის შემუშავება, რომელიც ტყის გადარჩენას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და წარმატებულიცაა.