თელავში ველოპარკინგი მოეწყო
პროგრამის ,,ორბელიანი საქართველო” დირექტორის ქეთი ხაჩიძეს თქმით, ორგანიზაცია მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს.
მისივე განცხადებით, თელავში ველოპარკინგის მოწყობასთან ერთად კახეთის რეგიონში პირველ ეტაპზე 6 მცირე ინიციატივა ხორციელდება.
,,ჩვენს მიერ დაფინანსებული ინიციატივები მრავალფეროვანია. ჩვენ არ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს, რა უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. ყველა ინიციატივა მოდის ხალხისგან. “ორბელიანი” მხარს უჭერს პრაქტიკული იდეების განხორციელებას, ამიტომაც გვაქვს მყისიერი შედეგები.
ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არ აქვს პროექტების წერის გამოცდილება, მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ვთვლით, რომ მთავარი აქტივი არის ადამიანების ძალისხმევა და ენერგია, რაც თელავის ველოპარკინგის პროექტის შემთხვევაში კონკრეტულმა ახალგაზრდებმა აჩვენეს. ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ რა შედეგს აღწევს თითოეული ჩენს მიერ დაფინანსებული პროექტი. რაც შეეხება ველოსიპედების მოვლასა და მის პოპულარიზაციას ეს უკვე თელაველებზეა დამოკიდებული”, – განუცხადა Knews.ge-ს ქეთი ხაჩიძემ.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ უწყება აღნიშნულ ინიციატივებს მხარს დაუჭერს. თელავის მერიის ქონებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი კიკნაძეს თქმით, სიახლე ველო-მოყვარულებს საშუალებას მისცემს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთარი ველოსიპედის დატოვება სპეციალური დამცავი კოდის საშუალებით შეძლონ.
,,თელავის მერია ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და თელავში ველო-სპორტის განვითარებას”,- განაცხადა თელავის მერიის ქონების და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ.
პროექტს “მოხალისეობის განვითარება საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ველოპარკინგი მოეწყო, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველო” შვედეთის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.