ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა გაიხსნება

სკოლის თემა ,,ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ” იქნება და ლექციებს ევროპასა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში ჩაატარებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროექტში ჩართვა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
,,სკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა, რა გამოხმაურება ჰპოვა ამგვარმა პროცესებმა უფრო გვიანდელ თეორეტიკოსთა ნააზრევში. შევეცდებით, ფაშიზმის თეორიის ჭრილში გავიაზროთ და შევაფასოთ როგორც საქართველოში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, ისე თანამედროვე სამყაროსათვის უაღრესად საჭირბოროტო თემები, როგორებიცაა: მიგრანტების პრობლემატიკა და მზარდი ნაციონალიზმი. სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე,”- განაცხადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge, უნდა გააგზავნონ ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“ სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის. ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.სკოლა მოიცავს სრულ 7 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით). ზამთრის სკოლას ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ აფინანსებს.