ახალი ამბები

წინანდლის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პოეზიაში პრემიის ლაურეატი ლია ლიქოკელი გახდა. მუსიკაში წინანდლის პრემია გიორგი ცაგარელმა მიიღო. განსაკუთრებული მიღწევისთვის სპეციალური პრიზის მფლობელი კი გახდა ახალგაზრდა მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი. კონკურსში მონაწილე ყველა ნომინანტს გადაეცა სიგელი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით და 5 000 ლარიანი პრემიით.
პროექტის საკონკურსო ეტაპზე გამოვლენილ ნომინანტებს შორის სულ 19 გამარჯვებული დასახელდა. 
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია წელს ყვარელში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ესწრებოდა. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დაიწყო ზურაბ ჟვანიამ. მის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რომ გამოეყო საქართველოში უმნიშვნელოვანესი, ის რაც არის ხელოვნება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, რომელიც ამაში არის ჩართული. მაშინ შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ დღეს უკვე მემკვიდრეები ვართ ამ პროცესის. მადლობა ნინოს, რომ ზურას ეს წამოწყება განაგრძო და ახალი ძალა შემატა. 
მინდა მოგილოცოთ ნომინანტებს, ლაურეატებს, ყველას ვინც მონაწილეობთ ამ პროცესში გისურვოთ წარმატება და მომავალი შემოქმედებითი გამარჯვება. იცოდეთ, რომ მუდმივად მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვარ და ვცდილობ, რომ განვაგრძო ის მნიშვნელოვანი წამოწყებები, რაც იყო საქართველოში და ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. 
წინანდლის პრემია, რომელიც 1999 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას.
პრემია, პრეზიდენტის ხელშეწყობით, 2014 წელს აღდგა და უკვე მეორე წელია, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.