ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა

შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. მისი განცხადებით, თანამდებობა არის დროებითი, ამიტომ ის ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. ღარიბაშვილის თქმითვე, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. 
“ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს – გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის სამშობლო და უფალი, ამიტომ მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის პოსტს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს ვიცე-პრემიერი, რომელიც პრემიერობის კანდიდატად განიხილება. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.
7 დღის ვადაში კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. ხოლო ამის შემდეგ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.