თუშეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

 ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, გზის 27-ე, 52-ე კილომეტრებზე და უღელტეხილის იქით ავტოსატრასპორტო მოძრაობა აკრძალულია. მისივე თქმით, კომპანია „თუშეთის გზამ“ უკვე დაიწყო გზის აღდგენითი სამუშაოები.  

„სერიოზული პრობლემებია უღელტეხილის იქით. ავტოსმანქანების მოძრაობა ფაქტობრივა შეუძლებელია. აქ სერიოზული სამუშაოების ჩატარება მოუწევს კომპანია „თუშეთის გზას“. სერიოზული დაზიანებაა გზის 27-ე კილომეტრზე და ცოდვიანთ ხევშიც. ვერ გეტყვით, როდის გაიხსნება გზა“, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა. 

22 აგვისტოს სოფელ ომალოში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით თუშეთობის დღესასწაულის აღნიშვნაა დაგეგმილი. უწყებაში აცხადებენ, რომ თუ თუშეთთან დამაკავშირებელი გზა საღამომდე არ გაიხსნება, მაშინ თუშეთობა 22 აგვისტოს აღარ ჩატარდება. 

გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დასეტყვილია და ვენახები განადგურებულია. სტიქიამ საზამთროს ბაღებიც დააზიანა. 

ქარიშხალმა სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და მოგლიჯა ხეები, რომელმაც ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალი ჩახერგა. მეწყერი ჩამოწვა ახმეტაშიც. მიწის ჩამოშლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრზალულია.  ამ დროისათვის სტიქიის ზონებში მუშაობს საგანგებო სიტუაციათა სამსახური. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი უცნობია.