ახალი ამბები

გურჯაანის ნაყინის ადმინისტრაცია უარყოფს პროდუქციაში კოლიფორმების აღმოჩენას

გურამ ბერიკაშვილის აზრით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობას არასწორი ინფორმაციის გავრცელებით სურს კომპანია გურჯაანის ნაყინის იმიჯის შელახვა. „მგონი სამტრედიისა და ჩვენი ნაყინი შეამოწმეს. სამტრიდიის ნაყინში აღმოჩნდა კოლიფორმები, ჩვენთან კი სტაფილოკოკი და სხვა რაღაცები. ჩვენს ნაყინში მავნე მიკროორგანიზმები არ არის. ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, წლების მანძილზე სპეციალურად, უამრავ რაღაცას გვიგონებს, რომ ხალხს შეხზედულება შეეცვალოს. რასაც წერენ, რომ ჩვენს ნაყინი მავნეა, არის ტყუილი და სიცრუე“, – განუცხადა Knews.ge-ს გურამ ბერიკაშვილმა. 
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობის ინფორმაციით, მიკრობიოლოგიური შემოწმების შედეგად, გურჯაანის ნაყინში კოლიფორმები აღმოჩნდა. სპეციალისტების განმარტებით, კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს – ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა.