ახალი ამბები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობის მსურველებს მოსაკრებლის გადახდა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:
ჩიბუხა – 5 ცალი, მწყერი – 20 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, გულიო/გვიძინი – 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი. ნადირობა აგვისტოს მესამე შაბათიდან დაიწყება და 15 თებერვლამდე გასტანს.გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნადირობა აკრძალულია:სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, მათ გარშემო 500-მეტრიან ზონასა და საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

“ნადირობის აკრძალული მეთოდებია: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული, მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე, მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) იკრძალება თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. დაუშვებელია ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების, წყალდიდობა, ხანძრის, დიდი თოვლის დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს”, – განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.