თელავის აეროპორტიდან ფრენებს ბათუმისა და მესტიის მიმართულებით ითხოვენ
აეროდრომის ხელმძღვანელის, გიორგი ინასარიძის განცხადებით, რეისები ერთი თვის წინ დაიწყო და მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა და დაინტერესება დიდია.
ინასარიძის განმარტებით, აეროპორტი მსურველებს საქორწინო ტურებსაც სთავაზობს და დაინტერესებულ პირებს სხვა ქალაქში გადაფრენასთან ერთად საჰაერო გასეირნება და რეგიონების დათვალიერებაც შეუძლიათ.
,,ამ დრომდე, თელავის აეროპორტის ტერიტორიაზე, მხოლოდ სასწავლო ფრენები ხორციელდებოდა. ახლა კი ავიარეისები ხორციელდება ნატახტარში, ქუთაისში, მესტიაში, ბათუმში, თბილისსა და ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქმედი აეროპორტია. ფრენა შესაძლებელია თუშეთის მიმართულებითაც. თუმცა მომხმარებელი ძირითადად მესტიისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებით ინტერესდება”, – განუცხადა ,,კომერსანტს” აეროდრომის ხელმძღვანელმა გიორგი ინასარიძემ.
თელავის აეროპორტიდან, ავიაკომპანიის სტატუსით, საავიაციო უნივერსიტეტის თვითმფრინავები დაფრინავენ. საქალაქთაშორისო ფრენებისთვის ოთხადგილიანი ბიზნესჯეტებია გამოყოფილი. ერთი საათი ფრენის ღირებულება კი 599 დოლარია.