ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. მისივე თქმით, ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 
მიმინოშვილის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს გამოეთიშა. მათ ატესტატის აღება ვერ მოახერხეს. 100-ზე მეტ აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება. არიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე აბიტურიენტები, ასევე მსჯავრდებულები. 
გამოცდებისთვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 40 000-მდე აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 500-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო პედაგოგთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრირებულია 17 000-ზე მეტი პედაგოგი. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.