ახალი ამბები

იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს საძირკველი იკურთხა

იმ ტერიტორიაზე, სადაც ქვევრის სახლი უნდა აშენდეს, კაფსულაც ჩაიდო. მეუფე დავითმა სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, რომ ეს ადგილი იქნება კულტურულ-საგანმანათლებლო კერა და სკოლა ოსტატებს ხელს შეუწყობს, მომავალ თაობას შეასწავლოს ქვევრის დამზადების წესი.
„ეს სკოლა-აკადემია ხელს შეუწყობს, რტომ ოსტატებმა გაზარდონ შეგირდები, მომავალი ოსტატები. მოსახლეობა ამ პროექტით იქნება გახარებული და მიიღებს დიდ ემოციურ, სულიერ სიხარულს. ეს იქნება ჩვენი ხალხის კულტურულ-საგანმანათლებლო შეკრების ადგილი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთთან ხიდს გასდებს“, – აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. 
კაფსულის ჩადებასა და საძირკვლის კურთხევას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი და მისი პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმსარულებელმა დირქტორმა, ილია დარჩიაშვილმა იყალთოს ქვევრის სახლის საძირკვლის კურთხევას ისტორიული მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ ეს დღე ღვინის გზის დასაწყისია. მისივე განცხადებით, პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. 
ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება და მისი ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. 
პროექტის ფარგლებში აშენდება სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო , კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა. ობიექტს, ასევე, ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. „ქვევრის სახლში“ ასევე იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. პროექტით ტერიტორიის კეთილმოწყობაცაა გათვალისწინებული.