ახალი ამბები

ახმეტაში, 17 ვაკანტურ თანამდებობაზე, კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში); ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი (ადმინისტრაციულ ერთეულში – 7 ადგილი); ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის,ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ოპერატორი).  გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში (5 ადგილი).
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავისუფალი კი მხოლოდ ერთი ადგილია: მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე საკონკურსო საატესტაციო კომისია განაცხადებს გადაარჩევს. კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოუწევთ ტესტირების გავლა, ხოლო ბოლო ეტაპი კი კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსანტებმა გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 51%, არანაკლებ 31 ქულა უნდა გადალახონ. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, დავით აბულაძის განცხადებით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩააბარეს ტესტირება და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მოუწევთ კონკურსის მხოლოდ პირველი და მესამე ეტაპების გავლა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიამ, თავდაპირველად, 118 მონაწილიდან 77 ვაკანტურ ადგილზე შეარჩია მხოლოდ 66 კონკურსანტი. 
„თავდაპირველად შევარჩიეთ 66 კონკურსანტი, თუმცა 2-მა მათგანმა საკუთარი განცხადების საფუზველზე დატოვა თანამდებობა. აღნიშნულ 2 ადგილზე თავიდან გამოვცხადეთ კონკურსი. გარდა ამისა, გამგეობაში დავამატეთ კიდევ 4 ადგილი, რომელზეც თანამშრომლებს კონკურსის წესით შევარჩევთ“, – განუცხადა Knews.ge-ს დავით აბულაძემ. 
კონკურსის პირველ ეტაპზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ რესპუბლიკური პარტიის წევრების ნათია ქინქლაძეს, ნინო ბიჩინაშვილს, ლევან ბორჩაევს და სხვებს გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ უარი უთხრა. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში კადრების შერჩევის პროცესში მაჟორიტარ დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური უხეშად ერევა.
მისივე მტკიცებით, ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ავალდებულებდნენ პარტია დაეტოვებინათ და სანაცვლოდ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებას დაჰპირდნენ. ხათუნა სამნიძის განცხადებით, ერთ-ერთმა წევრმა, დავით სიმონიშვილმა პარტია უკვე დატოვა.