ახალი ამბები

კახეთის სოფლებში ბრუცელოზის შემთხვევები საგანგაშოდ მატულობს

კახეთის რეგიონში ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა ახმეტაში, ყვარელსა და თელავში გამოვლინდა, რაც იქაურ ფერმერებსა და მწარმოებლებისათვის შეშფოთების საფუძველი გახდა.

ფერმერი ნიკო გ. აღიარებს, რომ ბრუცელოზით დაავადებული 2 ძროხა აზერბაიჯანელებს მიჰყიდა. „ მთელი ოჯახის მარჩენალი ძროხა უნდა დამეკლა. რომ  ვიკითხე, ზარალს არავინ ამინაზღაურებს. რა ვქნა? სულ 5 ძროხა მყავს და ჩემი ოჯახის მარჩენალია. ავდექი და აზერბაიჯანელებს მივყიდე, რომ ზარალი არ მომსვლოდა.“

სურსათის უვნებლობის სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის თემურ ჩიტაშვილის განცხადებით, გურჯაანში დაავდების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, 37 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, მისი განმარტებით, ცხოველთა განადგურება ვერ მოხერხდა. „როდესაც  ფაქტები შევისწავლეთ და ადგილზე მივედით, არც ერთი აღრიცხული საქონელი არ დაგვხვდა. მეპატრონეებმა ისე გაყიდეს, ჩვენ არ შეგვატყობინეს. ამიტომ უსაფრხოების წესების დაცვა ვერ მოხერხდა.“- აცხადებს ჩიტაშვილი.

ამავე დროს ადასტურებს, რომ  სახელმწიფო ვერ უზუნველყოფს დაავადებული საქონლის განადგურების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.

ფერმერ ნინო ფხოველიშვილის 50 ძროხიდან ბრუცელოზი მხოლოდ ერთს გამოუვლინდა, ქალბატონი ამბობს, რომ დაავადების გამოვლენისთანავე სპეციალისტის  ყველა დადგენილ ღონისძიებას მიმართა,  „საქონელი დავკალით, შიგნეულობა და თავფეხი დავწვით, ხორცი კი ჩვენ მოვიხმარეთ, რადგან როგორც გვითხრეს, სწორად დამუშავებული ხორცი საფრხის მატარებელი არ არის.“

ფერმერი შიშობს, რომ  ბრუცელოზის შემთხვევა შეიძლება სხვა საქონელშიც გამოვლინდეს და პრევენციისათვის საშუალებებს ეძებს. „ძროხა ხუთჯერ იყო ნამშობიარები, ამ ლოგიკით ბუღაც და ბოჩოლებიც საფრხის ქვეშაა, თუმცა მეუბნებიან, რომ მათ  არ დაუდგინდათო. მე კი მეეჭვება და უკვე პირად უსაფრხოებაზე ვფქრობ, როგორც გავიგე,  ვაქცინა საქართველოში არ გვაქვს, ამიტომ  აზერბაიჯანიდან შემოტანაზე ვფიქრობ, თუმცა არ ვიცი უსაფროა თუ არა. “ აცხადებს ფერმერი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა ანდა დაიკლა სათანადო სანაციის გარეშე, ითვლება დაავადების კერად გარკვეული დროის მანძილზე, – ამიტომ განსაკუთრებით რთულია ამ დაავადებებთან ბრძოლა. საქონლის ვაქცინაცია კი საქართველოში არ ხორციელდება. გარდა ამისა, ბრუცელოზს აქვს 6 თვიანი ინკუბაციის პერიოდი და თუკი ერთ ძროხას დაუდგინდა ბრუცელოზი,  სხვა ძროხების დასნებოვნების დიდი შანსია.

ავადმყოფი ცხოველი  გამოყოფს მიკრობს  სანაყოფე გარსებთან, სანაყოფე სითხეებთან, შარდთან, რძესთან და სხვა გამონაყოფებთან ერთად. მათი მეშვეობით ინფიცირდება საკვები, წყალი, სადგომი, მოვლის საგნები და სხვა, ამიტომ ადამიანებმა დაავადებული საქონლის მოშორებამდე და შემდეგაც  ვეტ-სანიტარული წესებით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა დაიცვან.   ცხოველთა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერაში გარემოს გაჯანსაღება რთული პროცესია და ვიდრე არ მოხდება ბრუცელების მოსპობა, ადამიანს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

 საერთაშორისო ტრენერი აგროჟურნასლისტიკის საკითხებში და ყველის საერთაშორისო მსაჯული, ჰეზერ როუს ბრიგსი განმარტავს, რომ  საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადდგას ბრუცელოზის წინააღმდეგ.  აგროეკონომისტი მიიჩნევს, რომ  „ბრუცელოზი არის საკმაოდ სერიოზული დაავადება და საქართველომ უფრო პროფესიონალურად უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. სისხლის სინჯები უნდა აიღოს, და  მონიტორინგი გაუწიოს და იმ საქონელს, რომელსაც აღმოაჩნდება ბრუცელოზი, უნდა უზრუნველყოს მისი დაკვლა. თქვენ უნდა გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ძალიან ბევრი ქვეყანა გახდა ბრუცელოზისგან თავისუფალი იმიტომ, რომ სახელმწიფომ აიღო მთავარ სამიზნედ ბრუცელოზის დაავადებასთან ბრძოლა.  თქვენი მინისტრისგან  მოვისმინე, რომ თუკი ბრუცელოზი რომელიმე ფერმერის საქონელს აღმოაჩნდება, მას გადაუხადონ კომპენსაცია, მიეხმარონ დაკვლაში და ა. შ.  ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი.  საქართველო  უნდა გახდეს ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა.“

 სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბრუცელოზი განუკურნებელი დაავადებაა.  ადამიანებში თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ადამიანს უქვეითებს იმუნიტეტს, აქვს სისუსტის შეგრძნება გარეგნული ნიშნები არ ახასიათებს. ის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა; ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით.

 

  შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს მატარებელი და უბრალოდ ჰქონდეს დაბალი იმუნიტეტი და სისუსტის შეგრძნება, მაღალია უშვილობის რისკები.

„ბრუცელოზი არის საზიზღარი, საშინელი დაავადება, რომელსაც მკურნალობენ, მაგრამ არ იკურნება. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს უვნებელი და კარგი ხარისხის პროდუქტი.“- განუცხადა knews.ge -ს ჰეზერ ბრიგსმა.

  ბრუცელოზის მოსპობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას სახელმწიფო დონეზე. 

დაავადების ლიკვიდაციისათვის აუცილებელია ცხოველთა სრულმაშტაბიანი და სრულყოფილი გამოკვლევები. ცხოველთა ადგილმონაცვლეობა უნდა ხდებოდეს ვეტერინარული კონტროლით: მაგალითად, ყიდვა-გაყიდვა და სხვა გარიგებები. 

„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ  „დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთერთი აუცილებელი  ფაქტორი ცხოველთა ვაქცინაცია (იმუნოპროფილაქტიკა), რომელიც ხორციელდება 4-დან 8 თვის მოზარდში და იმუნიტეტი გრძელდება 6 წელი. მსოფლიო პრაქტიკაში ამ მხრივ კარგი შედეგი აჩვენა შტამ-19-მა. ჩვენ რამოდენიმე ფერმაში ჩავატარეთ ცდა ვაქცინაბრუვაქსითდა 4 წლის შემდეგ მივიღეთ თითქმის 100%-იანი შედეგი.

სპეცალისტი მოსახლეობას ურჩევს, რომ რომ რძე პასტერიზებული უნდა მიირთვან ან ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას რძის ამოსვლიდან 15 წუთი უნდა ხარშონ ყველი. ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი მაღალი რისკია. აქვე გვირჩევენ, რომ  ხორცი  კარგად მოხარშული უნდა იყოს. საფრთხის შემცველია შემწვარი ხორცი, რადგან  მაღალია დაავადების რისკები.

მთავრობამ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა დაიწყო, თუმცა კრემატორიუმის არ არსებობა და ზარალის ანაზღაურების მექანიზმების არ ქონა, პრობლემას ამწვავებს. 

 სურსათის უვნებლობის საკითხებში  ევროკავშირის გრძელვადიანი ექსპერტის მატი ლამპის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში  ფერმერთა დაცვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს: „ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებობს დაზღვევის როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სქემები, ასევე კომპენსაციის მექანიზმები.  ეს მუშაობს მაშინ, როდესაც საქონელს დაკლავენ პირდაპირი საფრთხის გამო. ამიტომ ფერმერები დაზღვეულნი არიან“. 

ფერმერები აღნიშნავენ, რომ დაავადებების შემთხვევათა გამოვლენისას ვერ ხორციელდება დროული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულყოფილი საკანონმდებლო მექანიზმების გამო სახელმწიფო პრობლემის პრევენციას და გამოვლენის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს ვერ ახდენს. პრობლემას ისიც ართულებს, რომ  ზარალის ანაზღაურების მექანიზმების არ არსებობა ფერმერებს ცხოველთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხების უგულვებელყოფისაკენ უბიძგებს.

ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბრუცელოზი უმრავლეს შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და გააჩნია მწვავე ფორმიდან ქრონიკულში გადასვლის მაღალი პოტენციალი, დაავადების მაღალი გავრცელების ხილული ნიშნები,   ძალიან საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რათა პრობლემის სწრაფი გადაჭრა მოხდეს. 

 

სტატიის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითეთ knews.ge