ახალი ამბები

ევროკავშირი სოფლის განვითარების პროგრამისთვის 3 მლნ ევროს გამოყოფს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშეს, ხუან ეჩანოვეს თქმით, ENPARD-ის პროგრამა აქამდეც არსებობდა, რომლის ფარგლებში 40 მლნ ევრო უკვე დაიხარჯა. მისივე თქმით, ევროკავშირი ამ კუთხით დამატებით კიდევ 12 მლნ ევროს გამოყოფს.
,,12 მლნ ევრო ძირითადად სამი მიმართულებით დაიხარჯება. ეს მიმართულებებია: სოფლის განვითარების ხელშეწყობა, კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა და საბიუჯეტო დახმარება. სოფლის განვითარების პროგრამისთვის 3 მლნ ევრო გამოიყოფა, კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის 2, 5 მლნ ევრო, საბიუჯეტო დახმარებისთვის კი 6 მლნ ევრო. 
საბიუჯეტო დახმარების პროგრამისთვის გამოყოფილ ამ თანხას საქართველო 2016 წელს მიიღებს. ამ პროგრამის ფარგლებში 6 მლნ ევროს ოდენობის დახმარება საქართველოს მთავრობამ წელსაც მიიღო. მომავალ წელს კი 8 მლნ ევროთი დავეხმარებით. საბიუჯეტო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაირიცხება, მაგრამ ეს არ არის საჩუქარი. ამ თანხას მთავრობა მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს. ამ შემთხვევაში წინაპირობა ფერმერთა საკონსულტაციო სამსახურის სისტემის შექმნაა. 2016 წლისთვის ეს სისტემა უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ახალ ტრანშს ვერ მიიღებს”,- განაცხადა ხუან ეჩანოვემ www.eugeorgia.info-სთან საუბრისას.