ახალი ამბები

ევროკავშირი სოფლის განვითარების ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამის განხორციელებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყებს: ,,პროექტი არის საპილოტე, რომელიც 2 წელი გაგრძელდება. ჩვენთვის ეს ტესტია. ENPARD-2-ის დროს ეს პროგრამა ბევრად უფრო მასშტაბური გახდება”, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე, ხუან ეჩანოვე.
მისივე ინფორმაციით, სოფლის განვითარების პროგრამა სრულიად ახალი კომპონენტია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც მოითხოვს:
,,ევროკავშირში სოფლის განვითარება სამ კომპონენტს მოიცავს: აგრარული წარმოების განვითარებას, აგრარული წარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საშუალებების განვითარებას და გარემოს დაცვას. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. როცა ვსაუბრობთ სოფლის განვითარებაზე, უმრავლესობა ფიქრობს რომ ეს არის აგრარული წარმოების განვითარება. ეს ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ალტერნატიული დასაქმების საშუალება ჰქონდეს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ამჟამად საქართველოს სოფლებში აგრარული სფეროს გარდა მოსახლეობის დასაქმების სხვა საშუალება არ არსებობს. მე ხშირად მომყავს ეს მაგალითი: ზოგიერთ სოფელში მაღაზიაც კი არ არის. ადამიანებს არ აქვთ ნაღდი ფული, რომ რაიმე იყიდონ”.