ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი – “თავისუფალი დემოკრატების 10 მანდატის გარეშე კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს”

ბერძენიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” გასვლის შემთხვევაში , მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება. 
“ქართული ოცნება” უმრავლეობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან გაერთიანებას ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატები მოისურვებენ. 
უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში, უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. 
კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქცია და ჯამში 83 დეპუტატი ქმნის. საკუთრივ ფრაქცია “ქართულ ოცნება – თავისუფალ დემოკრატებში” 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლა უმრავლესობის დაშლს ნიშნავს, რადგან 150 წევრიან პარლამენტში 73 პარლამენტარის ერთობა საპარალამენტო უმრავლესობისათვის საკმარისი არ არის. 
“თავისუფალი დემოკრატების 10 მანდატის გარეშე კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრ საკითხზე შეთანხმება იქნება, ზოგ საკითხზე ვერ იქნება შეთანხმება. ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამას ვერ შეცვლის, ამიტომ მე ეს საკითხი არ მიმაჩნია იმდენად განმსაზღვრელად, რომ ეს “თავისუფალ დემოკრატებსა” და ირაკლი ღარიბაშვილს შორის გზაგასაყარი ყოფილიყო” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, კოალიცია “ქართულმა ოვნებამ” 2 წლის განმავლობაში გამოწვევებს უპასუხა, ყველა დონეზე შეცვალა ხელისუფლება და ახლა ცვლილებებია საჭირო. “რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას მართავს კოალიცია, რომელიც სახელით კოალიციურია, არსით კი არა. 
“რაც არ უნდა მოხდეს, აწი რესპუბლიკელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებით მადლიერები და არ მგონია აქ ვინმე რამეში შეგვეცილოს. მაგრამ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი და ეს პროცესი აჩვენებს იმას, რომ ვართ ახალ რეალობაში. ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული კოალიცია. დღეს ქვეყანას არ მართავს სპეციფიკური, ივანიშვილის ავტორიტეტზე დამყარებული კოალიცია. ქვეყანას მართვას ხელისუფლება, რომელიც სახელად კოალიციურია, არსით კი არა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.