ახალი ამბები

TI-თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თანამდებობის პირის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, ქონებას მალავს.

საუბარია, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძეზე, რომელიც 2019 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კი უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პირველ დარღვევას წარმოადგენს შემდეგი, მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:

1. 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე
2. 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
3. 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
4. 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, მასზე არსებული შენობა ნაგებობით
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მარინე ცერცვაძემ ქონებები არც 2022 წლის დეკლარაციაში ასახა.

რაც შეეხება მეორე დარღვევას, TI-ის ინფორმაციით, მარინე ცერცვაძემ 2023 წლის დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მარინე ცერცვაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მარინე ცერცვაძე, როგორც თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს“,– განმარტავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.