2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარია.
„დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით, სრულად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.