ფქვილი გაძვირდა, მაგრამ პურის ფასს შევინარჩუნებთ – ასოციაცია
წელს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავლის გაუარესებულ რაოდენობას ელოდებიან.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ფასი ტონა ხორბალზე 40 ლარით გაიზარდა, თუმცა ეს პურზე ფასის ზრდის საფუძველს არ ქმნის.
„იმ რვა ქვეყანაში, რომელიც ამარაგებს მსოფლიოს გაუარესებული მდგომარეობაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, არგენტინაში, და რუსეთში. აქ ბოლო 2 თვის პროგნოზით 7 მლნ ტონით ნაკლები მოსავალია, შესაბამისად, ამით არის განპირობებული ფასების გაზრდასთან არსებული მოლოდინები. ფასების ოდნავი მატება არის მაგრამ არა ისეთი, რომელმაც შეიძლება ფასის ზრდაზე გავლენა მოახდინოს 1 ტონა ხორბლის ფასი გაძვირებულია 40 ლარით, 720-დან 760-მდე, თუმცა გადამუშავებაზე როცა გადადის ეს შეიძლება იყოს ერთ ტომარაზე 1 ლარი, რაც კრიტიკული არ არის. როცა ფასის ზრდაზე ვსაუბრობთ იქ 10-ლარიანი ბიჯებია ხოლმე“, – განმარტა სილაგავამ.
მცირე საცხობებისა და თონის მეპატრონეები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ხორბლის ფასი გაიზარდა, ხოლო მარაგი, რომლითაც დღემდე პურის ფასს ინარჩუნებდნენ, თითქმის ამოიწურა.
,,პურის გაძვირება არ იგეგმებოდა, მაგრამ ხორბლის მოსავალი ნაკლები იქნება, ამავდროულად თუ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება იქნება, ეს იქონიებს ფქვილზე ზეგავლენას ვინაიდან ნედლეულს დოლარში ვყიდულობთ და ადგილზე ანგარიშსწორება კი, ლარებში ხდება. ამ ეტაპისთვის პურის ფასს ვინარჩუნებთ”.