კახეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფლებში გზებისა, სახოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა გამოიწვია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რამაც პრობლემები შექმნა და 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
,,დატბორილია ვენახები, ხეხილის ბაღები და სიმინდის ნათესები. გარდა ამისა, წყალი იყო ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც, რის გამოც შეფერხებული იყო საავტომობილო მიმოსვლა”, – ამბობს გელა ლეკიშვილი.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტშიც. საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დაიტბორა სოფელ ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში. ადიდებული იყო მდინარეები და სოფლის ხევები, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზარალა.
,,ლალისყურში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა. ჩვენს სოფელში პრობლემები მთიდან წამოსულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა შექმნა”.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ფშაველში, ართანაში, სანიორესა და ჯუღაანშიც. სოფლებში გარდა იმისა, რომ დაიტბორა ნაკვეთები და თხილის ბაღები, წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებშიც. ადგილობრივების თქმით, სანიაღვრე არხებია გასაწმენდია, რის გამოც წყალი გზებზე მიედინებოდა.
,,თუ სანიაღვრე არხები არ გაიწმინდა, იგივე განმეროდება რაც ახლა მოხდა. უხვ ნალექს ვერ ატარებს არხები და ისევ წვიმა თუ გაგრძელდა, სიტუაცია უფრო დამძიმდება. ალაზანიც ადიდდა და მდინარე სტორიც, რის გამოც, მოძრაობაც კი იყო შეფერხებული“.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„გვიან ღამითვე ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა. მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო. სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დაზარალებულ სოფელში. სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზარალებული ოჯახები მოვინახულე. თელავის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ოჯახების დახმარებას. სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა,”– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტშიც.