თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ფშაველში, ართანაში, ლალისყურში, სანიორესა და ჯუღაანში. ადიდებულია მდინარეები და სოფლის ხევები, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სანიაღვრე არხების კალაპოტიდან გადმოსული წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შევიდა.
„გვიან ღამით, ადგილზე მუშაობა დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა. კრიტიკულ ადგილებში, არხებისა და მდინარეების კალაპოტების გასაწმენდად მობილიზდა მძიმე ტექნიკა. მოსახლეობის დასახმარებლად წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო. სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დაზარალებულ სოფელში. სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სალიკვიდაციო სამუშაოები და დაზარალებული ოჯახები მოვინახულე. სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ოჯახების დახმარებას,”– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.