ხალხის ხმას გადამწყვეტი ძალა აქვს
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა აქციების ფონზე დაიწყო.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს, მას 5 დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური–მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას, მასში ცვლილებების შეტანის გზით, არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ მუმლაძე Knews-სთან აცხადებს, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. მიაჩნია, რომ ევროკავშირს ესმის ქართველი ხალხის ხმა და მზად არის რომ კარი გააღოს და მოგვიაზროს ერთიან სივრცეში როგორც ევროპის ძლიერი სახელმწიფო და ქვეყანა.
,,ახალგაზრდები, რომლებიც არიან აქციებზე, არ არიან დაბადებულები მონობაში, დაიბადნენ და გაიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოში. მათი აზროვნება თავისუფალია, უკიდეგანო, როგორ წარმოგიდგენიათ მათი გაჩერება და დადუმება. მათ არ გაუღვიძიათ საბჭოთა კავშირში და არც სურვილი აქვთ. ხალხის ხმა გადამწყვეტი ძალაა და მნიშვნელობა აქვს“.
ამბობს, რომ როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს რომ კანონპროექტი იქცეს კანონად, არ ღირს მისი მიღება, რადგან ამას საზოგადოებისთვის სიკეთე არ მოყვება.
,,რასაც ვხედავთ რუსეთში, არ გვინდა რომ განმეორდეს საქართველოში. სწორედ ამიტომ არის ამხელა პროტესტი და არ სურთ იგივე მოხდეს აქაც. საქართველო რუსეთი არ არის. მჯერა, რომ არ დავიხევთ უკან კიდევ ათწლეულები. ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. სამოქალაქო სექტორში მომუშავე ადამიანები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი სარგებელი და უკეთესობისაკენ შევცვალოთ ცხოვრება როგორც სოციალურ ჭრილში, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით. ეს თუ არ არის ქართული საქმე, აბა სხვა რაღაა?“.
მიაჩნია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე უნდა გამართულიყო საჯარო ტიპის განხილვები და შემდეგ მომხდარიყო მისი განხილვა.
,,განხილვა რომ მომხდარიყო, შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართებოდა პროცესები, თუმცა წინააღმდეგობა მაინც იქნებოდა. შინაარსის განხილვაშიც არც შევსულვართ“.