პარლამენტის შენობის უკან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“. პარლამენტში უკვე დაიწყო სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.
27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.