უხვი ნალექის გამო კახეთის რამდენიმე სოფელი დაიტბორა
გადაუღებელმა წვიმებმა კახეთში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო რეგიონში რამდენიმე მდინარე ადიდდა და დამცავი კალაპოტები გაარღვია. შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები.
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ართანასა და ფშაველში, სადაც დაიტბორა ნაკვეთები, თხილის ბაღები და სახლებია დატბორილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, სანიაღვრე არხები გასაწმენდია, რის გამოც წყალი გზებზე მიედინება.
ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად გაწმინდონ სანიაღვრე არხები, რადგან უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო გართულდება. ადიდებულია მდინარე ალაზანი და სტორი, რის გამოც, რეგიონის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
,,სოფლებში ართანასა და ფშაველში რამდენიმე სახლში ადიდებული ხევის წყალი შევიდა პირველ სართულზე. გუშინ გვიან ღამიდან მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა. უკლებლივ ყველა სახლიდან წყალი ამოტუმბულია და მინიმალური ზარალით დასრულდა გუშინდელი სტიქიის შედეგები. ასევე სოფლებში, სანიორე, ფშაველი, ლალისყური, ართანა და ჯუღაანი ადიდებულია სოფლის ხევები და გადმოსულია კალაპოტიდან. მძიმე ტექნიკა მუშაობს აღნიშნულ სოფლებში და ზარალიც არ არის სავარაუდოდ დიდი, რადგან, წყალი გადმოსულია სასოფლო სავარგულებთან მისასვლელ გზებზე. ამინდის გამოსვლისთანავე შევძლებთ გავიგოთ რა ზარალი მიადგა მოსახლეობას”,– განუცხადა Knews.ge-ს განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტიქიამ დააზარალა ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც. სოფელ აფენში, ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
გუშინდელი სტიქიის შედეგად 1000 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო ტერიტორია დაიტბორა. დატბორილია ვენახები, ხეხილის ბაღები და სიმინდის ნათესები, ასევე მეცხოველეობის და მეფუტკრეობის ფერმა.