შალვა პაპუაშვილს 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი მიმართავს
შალვა პაპუაშვილს 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი მიმართავს და “რუსული კანონის” გაწვევისკენ მოუწოდებს.
„ძვირფასო კოლეგავ ჩვენ მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ ვნახეთ თვალსაჩინო პოლიტიკური ტრანსფორმაცია და უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც წინა წლებში თქვენ გაწიეთ რეფორმების გასატარებლად.
თქვენ ამ გზაზე იყავით ლიდერები და მაგალითს აძლევდით სხვა ასპირანტებს. ჩვენ ამაყად გიჭერდით მხარს და მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც გჭირდებათ ამ გზის გასაგრძელებლად.
საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ძალისხმევა სამართლიანად იქნა აღიარებული და დაჯილდოებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. სულ ახლახან საქართველოს მიეცა მკაფიო მიმართულება გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს წარმატებას თქვენთან ერთად და ნამდვილად ვაფასებთ წლების განმავლობაში ჩვენს შორის ჩამოყალიბებულ მტკიცე პარტნიორობასა და ურთიერთპატივისცემას. ეს გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზეც კი, სადაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ღირებულებებსა და პრინციპებს ეხება, ჩვენ ყოველთვის ერთიანი და მტკიცედ ერთგულნი ვიყავით.
საქართველოს [ხელისუფლების] მიერ ბოლო გადაწყვეტილებები შეშფოთების საფუძველს ქმნის ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლის ვალდებულებაც გაქვთ აღებული და რომლებიც ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის სულისკვეთება და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. არსებული კანონი მიმართულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, დაიცვათ შეკრების უფლება და შეწყვიტოთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და დაშინება.
გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შეუერთდა. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი. ეს შესაძლებელი გახდა მეგობრების ურყევი ერთგულების და მხარდაჭერის შედეგად.
20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არ გადაუხვევს თავისი ვალდებულებებისგან, გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარას ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და ასევე თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში დამკვიდრებისთვის.
ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად ვართ დაგეხმაროთ“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები.