ირაკლი ქარქაშაძე-უკვე დასრულებულია თელავის აეროპორტის პროექტირება როგორც სააეროდრომო, ისე სახმელეთო მიმართულებით
თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი განცხადებით, უკვე დასრულებულია თელავის აეროპორტის პროექტირება როგორც სააეროდრომო, ისე სატერმინალო და სახმელეთო მიმართულებით.
„უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ სამშენებლო ტენდერს. ვგეგმავთ, რომ 2025 წლის მაისისთვის უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ პირველი ფრენები მივიღოთ და თელავის აეროპორტი დავაკავშიროთ ყველა ჩვენს კერძო მფლობელობაში არსებულ აეროპორტს – ქუთაისს, ბათუმს, მესტიას, ამბროლაურსა, ასევე თბილისსაც საჭიროების შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს არის თელავთან. თელავის აეროპორტი იქნება კიდევ ერთი აეროპორტი, რომელიც პირველ რიგში, გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ საერთაშორისო მიმართულებაზეც ვიფიქროთ. ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი შეფასებით, თელავის აეროპორტი მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის კუთხით.
„ისეთი რელიეფის მქონე ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი მობილობა და გადაადგილება, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობით, ასევე ჩვენი მოქალაქეების კომფორტისთვის, ტურისტებისთვის და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მათ გზაში არ დაკარგონ დრო და მოინახულონ რაც შეიძლება, მეტი რეგიონი. ტურისტულად ძალიან მიმზიდველი იქნება, როდესაც ერთ დღეში შეგიძლია, აჭარის საოცარი ბუნებით მიიღო სიამოვნება და დღის ბოლოს კახეთში დააგემოვნო უნიკალური ღვინო და ის კულტურა, რომელი ამ რეგიონს გააჩნია. შესაბამისად, ეკონომიკურადაც უმნიშვნელოვანესია, რომ კახეთში გვექნება სრულფასოვანი და სრულად ოპერირებადი აეროპორტი“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.