დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებზე საქართველოს დროშა გამოისახა, რამდენიმე ქალაქში კი დამოიკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.
კერძოდ, 26 მაისის აღსანიშნავად, ნიქოზიის ამფითეატრზე საქართველოს ეროვნული დროშა გამოისახა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში კი ევროპის საბჭოს შენობა განათდა.
ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე აღიმართა ქართული დროშა.
ასევე, საგარეო საქმეთ სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 21 მაისს, ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა მიღებას ავსტრალიის ეროვნულ გალერეაში. ღონისძიებას დაესწრნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
“დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანბერაში დაფუძნებულმა და ავსტრალიელებისგან შემდგარმა მუსიკალურმა გუნდმა Worldly Goods შეასრულა ორი უძველესი ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა: “მრავალჟამიერი” და “შენ ხარ ვენახი”. საღამოს მსვლელობისას, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მელბურნში მოღვაწე ქართველი მულტიდისციპლინარული მხატვრის ქალბატონ ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრები. ხელოვანი ნინო ბოსიკაშვილი დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო ილუსტრატორთა შორის, ავსტრალიური CapsulesBook Pictoria-ს მიერ და მიღებული აქვს მონაწილეობა 30-ზე მეტ გამოფენაში, რომელმაც თავისი უნიკალური მხატვრული ხედვით, მოხიბლა საზოგადოება.
საღამოს მსვლელობისას, გალერეაში არსებულ დიდ ეკრანზე განხორციელდა საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიდნეიში კი მოქმედი კომპანია „თამადის” (www.tamada.com.au) სპონსორობით, საქართველოს საელჩომ სტუმრებს გადასცა საქართველოში წარმოებული პროდუქტების სასაჩუქრე ყუთები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსი, პოლონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა მიმართა, ელჩმა აქცენტი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასა და საქართველო-პოლონეთის ისტორიულ მეგობრობაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქართული დიასპორის წევრებმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ. საღამოზე გაჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კომპოზიციები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა მუსიკოსმა ირაკლი შარაძემ შეასრულა”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, 24 მაისს, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ცენტრის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამოს საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ესწრებოდა.
სტუმართა შორის იყვნენ აზერბაიჯანის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები ბიზნეს სექტორიდან, კულტურის სფეროდან და ქართული დიასპორიდან.
საღამო გაიხსნა ორი ქვეყნის – საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნებით. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ, საჰიბა გაფაროვამ. საზეიმო საღამო გაგრძელდა კულტურული პროგრამით. მიღების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიის მასტერკლასები.
მოეწყო ეროვნული ტურიზმის კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პოტენციალს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე – ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინის ცენტრალურ მოედანზე კი საქართველოს დროშები აღიმართა.
26 მაისთან დაკავშირებით, ბილბაოში გაიმართა ქართული ფოლკლორული კონცერტისაპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით. ამასთან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ცენტრალური პარკი ბილბაოში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული დროშის ფერებში განათდა მადრიდის სიბელესის მოედანი.
26 მაისთან დაკავშირებით, სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალწულის კოშკი.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალური, მაკედონიის მოედანზე საქართველოს დროშა და საქართველოს საიმიჯო კლიპები იქნა გაშვებული.
ხორვატიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ზაგრების ცენტრალური შადრევნები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაისთან დაკავშირებით პარიზში მე-17 ოლქის მერია, საქართველოს დროშის ფერებში გაფორმდა.
ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – “ტყუპებად” წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB” შენობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ანსამბლი „ბათუმის” და ბერლინის საკვირაო სკოლის ბავშვების მიერ შესრულებული „მრავალჟამიერი”.
26 მაისთან დაკავშირებით, ბრაზილიის სენატის შენობა საქართვლოს დროშის ფერებში განათდა.
ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიეტუვის უდიდესი ქალაქების სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში ვილნიუსის სამი ისტორიული ხიდი, კაუნასის ცენტრალურ ხეივანზე მდებარე შადრევანი და კლაიპედის ძველი მერიის შენობა განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ხაზი გაესვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში.
ამასთან, საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრიუსელის მთავარი სიმბოლო – “მანეკენ პისი” ჩოხით შეიმოსა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბრაზილიაშიც აღინიშნა. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ესპანეთის მოედანი სევილიაში. აღსანიშნავია, რომ 26 მაისთან დაკავშორებით, ქ. ჯაკარტას ღირსშესანიშნაობა ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ამასთან, ესპანეთში, ქ. ალიკანტეს ცენტრალურ პარკში, ქართული დიასპორის ორგანიზებით და გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება.