უხვი ნალექის გამო კახეთში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა
უხვი ნალექის გამო კახეთში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
კალაპოტიდან გადმოვიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შაშიანის და ვაზისუბნის ხევები და სავარგულები დატბორა.
გადაუღებელი წვიმების გამო ასევე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზაზე მოედინება გურჯაანში არსებული ,,ნავთის ხევი”.
,,გასული წლის 15 ივნისის სტიქია გამოიწვია ჭარბმა ნალექმა, რამაც ამოავსო ნავთის ხევის კოლექტორი, რომელიც ქალაქ გურჯაანში ცენტრალურ ქუჩაზე, მიწის ქვეშ არის მოქცეული.
სტიქიის სალიკვიდაცო სამუშაოების დროს აღმოჩნდა რომ ძველი კოლექტორის გაწმენდა ტექნიკურად არის შეუძლებელი, გაწმენდას დაექვემდებარა მხოლოდ კოლექტორის გარკვეული მონაკვეთი, რის გამოც ფერხდება წყლის გამტარობა და ნავთისხევიდან წამოსული წყლის ნაწილი მოედინება ცენტრალურ გზაზე.
სწორედ, აღნიშნული მიზეზების გამო აუცილებელი გახდა ახალი კოლექტორის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია, მისი მიწისქვეშ მდებარეობის გამო.
ამ დროისთვის კოლექტორის სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, (ელექტრონული ტენდერის ნომერი NAT240008722) უახლოეს დღეებში დაიწყება ნავთისხევის ახალი მიწისქვეშა წყალგამტარის მშენებლობა”,-აცხადებენ მერიაში ,,ნავთის ხევთან” დაკავშირებით.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სტიქიას ამ დროისთვის სოფლებში ზიანი არ გამოუწვევია. უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სოფელში, სადაც წვიმამ პრობლემები შექმნა, იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.
ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და ხდება გზების გაწმენდა.
უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივების თქმით, ადიდებულია მდინარე ალაზანი. მოვარდნილმა წყალმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები.
დაიტბორა ასევე, ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია.
“საშინელი წვიმა იყო,მთელი ღამე არ გადაუღია. ღამით დაიწყო წყალმა ადიდება, რის შემდეგ ჯებირი გაარღვია და ფერმაში შევარდა. მწყემსებს საქონელი დროულად, რომ არ გამოეყვანათ, დაიხრჩობოდნენ. ალაზანი ახლაც ადიდებულია, წყლის დონე საკმაოდ მაღალია და ამიტომ სამუშაოებს ვერ იწყებენ” , – ამბობენ ადგილობრივები.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება ყველა შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.
გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია.