ახალი ამბები

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება.

„ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც აისახება კლინიკურად პაციენტების ნაკადში. რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება – ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში. საქართველოში ამინდის ცვალებადობამაც ხელი შეუწყო გრიპის შემთხვევების გახანგრძლივებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები ერთეული იქნება, ან საერთოდ არ იქნება, მაგრამ გვახსოვს 2022-2023 წლები, როდესაც ივნისშიც ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება. იმედი გვაქვს, მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება, ზაფხული წყნარი იქნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის.

იცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი, ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია.

მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, ეს არის ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ზემო სასუნთქი გზების მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები. სტაციონარებში მიმართვიანობა უჩვეულოდ მაღალია მაისის თვესთან მიმართებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.