ევროკავშირის ელჩი – მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან
მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კომენტარის შესახებ.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ან სხვა პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ, ის, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან ვმუშაობდით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან. ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს“, – აღნიშნა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ამას არსად მივყავართ!“.
„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!” , – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.