პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ, თავისუფლების მოედანზე კი სპეცრაზმია მობილიზებული – ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ.
კერძოდ, პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში. მანამდე კი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
გარდა ამისა თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, სპეციალური მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან.
პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”, გზა გადაიკეტა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოსმენა.
მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით, დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“, მათ შორის აქვთ აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ღამის გასათევად საძილე ტომრები.