საქართველოდან რეზიდენტი ვიზიტორების ყველაზე მეტი გასვლა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 642.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 521.6 ათასი შეადგინა. მათ შორის, იანვარ-მარტში 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 28.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების 97.9% განმეორებითი ხასიათის იყო.
რაც შეეხება პოპულარულ მიმართულებებს, გამყვან ტურიზმში მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. წლის პირველ სამ თვეში ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთში (204.8 ათასი) და რუსეთის ფედერაციაში (90 ათასი). ამ ორ ქვეყანაზე ჯამურად ვიზიტების 54.7% მოდის. ვიზიტების 12.2% სომხეთში, ხოლო 2% აზერბაიჯანში განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებზე კი ვიზიტების 16.3% მოდის.