„ამ ბაზის მიზანია სიაში მყოფი პირების მიმართ ძალადობის წახალისება“ – საია
“ქართული ოცნების“ მხრიდან დაანონსებული ბაზის შექმნა აცდენილია საკონსტიტუციო ნორმებთან.“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამგვარი ბაზრის შექმნის მიზანი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა და მათ მიმართ ძალადობის წახალისებაა.
ქურდოვანიძემ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატელეფონო გზებით მუქარა და ძალადობა მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ემსახურება.
„ამ ტიპის ბაზების შექმნა სრულად აცდენილია საკანონმდებლო, საკონსტიუტიციო ნორმებს, რაც ცალსახაა. პაპუაშვილმა ახსენა, რომ თითქოს ეს კანონის ჩარჩოებში მოქმედი რეესტრი იქნება, ეს სრულიად მიუღებელია, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს და ნორმებს რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. მისი მიზანია ამ ბაზაში მყოფი პირების მიმართ ძალადობის წახალისება, როგორც ეს მოხდა გუშინ როდესაც თავს დაესხნენ ადამიანებს საკუთარ სახლებთან.
2 დღეა ვნახეთ, რომ სატელეფონო ზარების მეშვეობით ხდება საზოგადოებაში შიშის დათესვა, მუქარის გავრცელება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ძალადობა არის ორგანიზებული, შეუძლებელია კერძო პირებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ სატელეფონო მონაცემების, ნათესაური კავშირების, საცხოვრებლების შესახებ.
მიმდინარე მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ ეს იქნება საქართველოს ყოველდღიური რეალობა თუ ეს კანონი მიიღო „ოცნებამ,“ ეს არის ის მეთოდები, რასაც რუსეთში იყენებენ აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. გათვლა ესაა, რომ შიში საზოგადოების დიდ ფენაზე გავრცელდეს და ხელისუფლებამ შეძლოს მისი მიღება,“ – განაცხადა ქურდვანიძემ.
“ქართული ოცნება“ ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების ბაზას ქმნის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
კითხვაზე, რა მიზნობრიობით გადაწყდა ბაზის შექმნა, პაპუაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარეობს ძალადობა, შანტაჟი და მუქარა საზოგადოებისთვის ცნობილ წევრებზე, მათ შორის სპორტსმენებზე, ასევე ემუქრებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.