შეშფოთებული ვრჩებით “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკით – მეთიუ მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ [რუსულ]კანონპროექტთან ერთად, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია “ქართული ოცნების” ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა.
როგორც მილერმა ბრიფინგზე, საქართველოსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს ყველაფერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან ერთად, საფრთხეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებსაც უქმნის.
“როგორც ბოლო დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ კვლავ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც გვესმის “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სავალალო ტრაექტორიაზე აყენებს. საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას”,- თქვა მილერმა.
მილერს ჰკითხეს კრემლისგან შთაგონებულ ახალ პროექტზე, მონაცემთა ბაზაზე, რომლის შექმნაც “ქართულმა ოცნებამ” დააანონსა. მეთიუ მილერის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე შეფასება არ აქვს.