ახალი ამბები

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, მან გააკეთა საჯარო განცხადება კანონპროექტის წარდგენის შემდეგ და განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის შემოღების მცდელობას, რადგან ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ის, რისი გაკეთებისკენაც მან ჩვენს ქართველ მეგობრებს მოუწოდა. მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის“, – აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მისი თქმით, ასევე მოისმინა ის განცხადებებიც, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გააკეთეს.

„რისი თქმაც შემიძლია ნატო-ს მხრიდან, არის, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, რაც ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში მოხდეს, რათა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, – აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.