ლაგოდეხში, საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს, სამი მეტრის სიღრმეში ქვევრი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, ბერიაშვილების ოჯახში, საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს, სამი მეტრის სიღრმეში ქვევრი იპოვეს. ქვევრს თავზე ეხურა კლდის ნამტვრევი ქვა.
ბერიაშვილების თქმით, ჭას მძიმე ტექნიკით ჭრიდნენ, რა დროს მტვრევის ხმა გაიგეს.
„უკვე შებინდებული იყო ტექნიკა რომ მუშაობდა. დღის სინათლე, რომ ყოფილიყო ალბათ ქვევრი არ დაიმტვრეოდა. შესაბამის სამსახურებს გავაგებინეთ, მოვიდნენ ნახეს და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში ადგილზე სპეციალისტები მოვლენ; დეტალურად შეისწავლიანო. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს ადრე ფეოდალური ხანის პერიოდის“, – აცხადებენ ბერიაშვილები.
ადგილზე ჭის გათხრის სამუშაოები შეჩერებულია. ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ყვავაძემ განაცხადა, ქვევრის ნამტვრევებს შემდგომი შესწავლისთვის შეაგროვებენ. ყვავაძე ჯერჯერობით ვერ ამბობს, ქვევრის დამზადების სავარაუდო თარიღს. შესწავლის შემდეგ ქვევრს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანენ.