აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ტელეკომპანია ფორმულას კახეთის რეგიონული ბიუროს ჟურნალისტიც მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების 2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, ტელეკომპანია ფორმულას კახეთის რეგიონული ბიუროს ჟურნალისტი, დავით ჭაბაშვილიც მოხვდა.
ანგარიშში, რომელიც 68-გვერდიანია და განხილულია მთელი წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ასევე საუბარია პროცესზე, რომელიც 20 მაისს, ყვარლის ტბაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის ქორწილის გაპროტესტებას მოჰყვა. მაშინ ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მას პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
“20 მაისს, ყვარლის ტბის კურორტზე დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად დაესხნენ თავს ფორმულა TV-ს ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო გამოსვლებს იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი შენობაში ესწრებოდა წვეულებას”- ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ამბობს, რომ მოვლენების გაშუქების პროცესში, პოლიციის მხრიდან მოხდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მისი თქმით, პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა.
“პოლიციელები და დაცვის თანამშრომლები, ხელს მიშლიდნენ მუშაობაში. ასევე ფიზიკურად იძალადეს ჩემზე და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ტერიტორიიდან გაყვანას. ყველამ ნახა კადრები, როგორ მომდევდნენ ტყეში. იქნებოდა ასე 7 ადამიანი. ეს ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, თავისუფალი და კრიტიკული მედია, იქნება ეს ტელევიზია, თუ სხვა მედია- საშუალებები, რა მდგომარეობაში ასრულებს პროფესიულ მოვალეობას”- აცხადებს ჭაბაშვილი.